დანიაში იმაზე მეტ განახლებად ენერგიას აწარმოებენ, რამდენსაც ქვეყანა მოიხმარს. გერმანია კი ამ გზით ფარავს მოხმარებული ელექტროენერგიის 87%-ს. საქართველოში ენერგოგენერაციის ძირითადი წყარო ისევ ჰიდრორესურსებია. განახლებადი ენერგიის წყაროების უპირატესობა კი იმაში მდგომარეობს, რომ მათი რესურსი ამოუწურავია და გლობალურ გარემოს ნაკლებ ზიანს აყენებს.
აგორა ენერჯივიენდეს, ელექტროენერგიის საკითხებში გერმანული საკონსულტაციო ფირმის, მონაცემების მიხედვით, წინა წელს გერმანიის მიერ მოხმარებული ენერგიის თითქმის მესამედი (32.2%) ენერგიის ალტერნატიული წყაროებიდან მიიღეს. იგივე წლიური მაჩვენებელი 2014 წელს ნაკლები – 27.3% იყო. გამოცემა “კვარცის” (QZ) ცნობით, 2016 წლის მაისში გერმანიის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის 87% განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იყო მიღებული.
„აგორას“ კომუნიკაციების დირექტორი, კრისტოფ პოდევილსი, ამბობს, რომ „ყოველ წელს განახლებად ენერგიას უფრო ხშირად იყენებენ“. მისი თქმით, გერმანული ენერგოსისტემა „საკმაოდ კარგად“ მოერგო განახლებადი ენერგიის წარმოებას: “დღევანდელი დღე ამტკიცებს, რომ სისტემა, განახლებადი ენერგიის ინტენსიურ მოხმარებაზე გადასვლით, კარგად მუშაობს”, – ამბობს პოდევისლი.
გერმანია პირობას დებს, რომ 2050 წლისათვის მთლიანად გადავა ენერგიის ალტერნატიული წყაროებიდან წარმოებაზე.
“გარდიანის” ცნობით, მაისის თვეში პორტუგალიამ ზედიზედ 4 დღეს იმუშავა მხოლოდ განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებულ ელექტროენერგიაზე. 2013 წელს პორტუგალიის მიერ მოხმარებული ენერგიის თითქმის მეოთხედი (23%) განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იყო მიღებული. 2015 წელს კი ამ მაჩვენებელმა 48%-ს მიაღწია.
დანიის ქარის ტურბინებმა გასულ წელს იმაზე მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა, ვიდრე ქვეყანა მოიხმარს. ელექტროენერგიის ჭარბი მარაგი დანიამ გერმანიაში, ნორვეგიასა და შვედეთში გაიტანა ექსპორტზე.
საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მონაცემებით, საქართველომ 2015 წელს გამოიმუშავა 10.8 ტერავატი/საათში ელექტროენერგია, რისი 78% ჰიდრორესურსებიდან იყო მიღებული.
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი დათო ჭიპაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს, რა პრიორიტეტები აქვს ენერგეტიკის სფეროში:
„თუკი ქვეყანა ირჩევს დიდი ჰესების განვითარების გზას, მისთვის აღარ არის პრიორიტეტული სხვა განახლებადი ენერგიების ათვისება. როგორც ვხედავთ, მთელი სუბსიდირებაც, პირდაპირად თუ ირიბად, სახელმწიფოს მხრიდან მიმართულია სწორედ ამ კუთხით. მისთვის აღარ არის საინტერესო მცირე, დეცენტრალიზებული სისტემების შექმნა“.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და ალტერნატიული ენერგიების სამმართველოს უფროსი, მარგალიტა არაბიძე, განმარტავს, რომ „ენერგეტიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ენერგეტიკულ სტრატეგიაზე“. მისი თქმით, სტრატეგიის შემუშავება დასკვნით ეტაპს უახლოვდება. „ვფიქრობთ, რომ სტრატეგია საბოლოო ფორმას მიიღებს წლის ბოლომდე“. არაბიძის აზრით, გრძელვადიანი ენერგეტიკული სტრატეგია მნიშვნელოვანია, რადგან „უზრუნველყოფს ქვეყნაში არსებული გამოწვევებისა და დაგეგმილი ღონისძიებების გონივრულ გადაწყვეტას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ადგილობრივი რესურსების ათვისებას და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას“.
დათო ჭიპაშვილის შეხედულებით, „ენერგეტიკის სამინისტრო საერთოდ არ განიხილავს ახალი ტექნოლოგიების განვითარების შესაძლებლობას“:
“სამინისტროს არ სურს, ამ [ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენების წახალისების] მიმართულებით იფიქროს”, – თქვა ჭიპაშვილმა, – „დღეს ვხედავთ, რომ სხვადასხვა ქვეყანა წარმატებებს აღწევს ენერგიის წყაროების დივერსიფიცირების სფეროში“.
ჭიპაშვილი ახსენებს ე.წ „ფაუერფექებს“ – ბატარეებს, რომელსაც კომპანია „ტესლა“ აწარმოებს (კომპანია „ტესლა“ ამერიკული საავტომობილო და ენერგეტიკული კომპანიაა). „ტესლას“ აღმასრულებელი დირექტორი, ელონ მასკი, იმედოვნებს, რომ მზისა და ქარის მიერ წარმოებული ენერგიის შემნახველი ეს ბატარეები (ფაუერფექები) მოგვცემს საშუალებას, რომ თავი დავაღწიოთ სათბობ წიაღისეულზე (fossil fuel dependency) დამოკიდებულებას. მაგალითად, კომპანია „სოუქორ ენერჯიმ“ ორ სამხრეთკალიფორნიულ კინოთეატრში დაამონტაჟა „ტესლას“ ბატარეები, რაც კინოთეატრს საშუალებას აძლევს, ელექტროენერგიის გათიშვის დროსაც გააგრძელოს ენერგიის მიწოდება და კინოჩვენებები.
ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და ალტერნატიული ენერგიების სამმართველოს უფროსი მარგალიტა არაბიძე კი ამბობს, რომ „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო მიესალმება განახლებადი, ადგილობრივი რესურსების ათვისებასა და გამოყენებას“. მისი თქმით, დღესდღეობით, აღნიშნული კუთხით კანონმდებლობა არა გვაქვს, თუმცა განახლებადი ენერგიების წახალისების მიზნით რამოდენიმე თვის წინ „ელექტროენერგიისა და გაზის შესახებ კანონში“ შევიდა ცვლილება. „ცვლილების მიხედვით, 100 კილოვატამდე გენერაციის ობიექტის მშენებლობის დროს, ჭარბი ელექტროენერგიის გამომუშავების შემთხვევაში მწარმოებელს შესაძლებლობა ეძლევა, ელექტროენერგია ქსელს სემეკის მიერ დადგენილი ფასით მიაწოდოს“, – თქვა მარგალიტა არაბიძემ.
ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ქარის ეფექტური ელექტროსადგურების პერსპექტიული მშენებლობის რამდენიმე მოედანი არსებობს: ფოთი, ჭოროხი, ქუთაისი, მთა-საბუეთი I და II, გორი-კასპი, ქარავანი, სამგორი, რუსთავი. მარგალიტა არაბიძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას იხსენებს ქალაქ გორში 20მგვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას. ქარის პირველი ელექტროსადგური საქართველოში სწორედ ქალაქ გორის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD-ის) მხარდაჭერით.
ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, მზის ეფექტური გამოსხივებაც საქართველოში „საკმაოდ მაღალია“: „უმეტეს რაიონებში მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა 250-დან 280 დღემდე მერყეობს, რაც წელიწადში დაახლოებით 1900-2200 საათს შეადგენს. მზის ენერგიის სრული წლიური პოტენციალი საქართველოში შეფასებულია 108 მგვტ-ით“.
თბილისის აეროპორტის მფლობელმა კომპანია „ტავ ჯორჯიამ“ აპრილში გაავრცელა ინფორმაცია აეროპორტის ტერიტორიაზე მზის ელექტროენერგიის წარმოქმნის სისტემის მონტაჟის დაწყების შესახებ. „ტავ ჯორჯიას“ კომუნიკაციების მენეჯერის, ამირან მამალაძის თქმით, „მონტაჟი ჯერ კიდევ არ დასრულებულა“. დეტალებს კი კომპანია ჯერჯერობით არ ახმაურებს.
არსებობს შეხედულება, რომ ელექტროენერგიის ალტერნატიული წყაროებიდან მიღების გზა ვერასოდეს დაიკავებს მთავარ როლს. არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი, დათო ჭიპაშვილი, განმარტავს, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჰესებს „ამჯობინებენ“ ქარის და მზის ენერგიას, შემდეგში მდგომარეობს: „არ არის პროგნოზირებადი, როდის იქროლებს ქარი და როდის იქნება მზიანი დღე. ღამით კი მზე არ არის“.
დათო ჭიპაშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ქარის ელექტროსადგურების შემთხვევაშიც „მნიშვნელოვანია, თუ რა ტიპის, რა სიმაღლის, რა სიგრძის იქნება და სად აშენდება ელექტროსადგური“. მისივე თქმით, ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, რომ ქარის და მზის ენერგიის მოპოვებას არა აქვს ზეგავლენა გარემოზე, არ შეიძლება: „დასადგენია, თუ რა სარგებელს იღებს სახელმწიფო ამ ობიექტიდან და არის თუ არა ეს სარგებელი იმ ზიანის საპირწონე, რასაც ესა თუ ის ენერგეტიკული ობიექტი აყენებს ბუნებას და სოციალურ გარემოს“.
ასეთი შემოწმა ჩვენთან ჰიდროელექტროსადგურებთან მიმართებაშიც არ ტარდება, რაც სერიოზული პრობლემაა და სერიოზულ კითხვის ნიშნებს ბადებს”, – დასძენს ჭიპაშვილი.
არასამთავრობო ორგანიზაციის, „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG) 2013 წლის ანგარიშში “ქვეყნის ენერგეტიკული სტრატეგია – საერთაშორისო გამოცდილების მიმოხილვა“, აღნიშნულია, რომ ქვეყნების ენერგეტიკულ სტრატეგიებში ერთ-ერთ ძირითად ამოცანას ენერგიის განახლებადი წყაროების (ეგწ) ათვისება წარმოადგენს:
„ეგწ-ების ასეთი აქტუალობა ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მათი განსაკუთრებული წვლილით აიხსნება, რაც სამომავლოდ მზარდი მოთხოვნილების დაკმაყოფილებისა და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირების მძლავრ საშუალებად განიხილება. გარდა ამისა, მათი რესურსი ამოუწურავია და გლობალურ გარემოს ნაკლებ ზიანს აყენებს. მდგრადი განვითარების პრინციპების სათანადოდ გათვლისწინების შემთხვევაში ეგწ-ების განვითარება მნიშვნელოვან სოციალურ და ეკონომიკურ სარგებელს ქმნის ახალი სამუშაო ადგილებისა და მშპ-ში ენერგეტიკის სექტორის წილის ზრდით“.